ქუთაისის #20 საჯარო სკოლა... ქალაქის ერთ–ერთ ულამაზეს ღირსშესანიშნავ ადგილზე დაფუძნებული, წლებით მხრებდამძიმებული, მეტად საინტერესო ისტორიის მქონე, ბევრი შესანიშნავი პიროვნების აღმზრდელი, ბაგრატ მეფისა და წმინდა გიორგის ეკლესიების მეიერ დალოცვილი და ხელდასხმული ცოდნის ტაძარი, უმტკიცესი დუღაბის მქონე მარადუკვდავ ფესვებზე ამოზრდილი!..
წლების წინათ, ამ სკოლის ადგილას, თურმე, საკმაოდ ცნობილი გვარის, მე–18 საუკუნის ლირიკოსი პოეტის ბესარიონ (ბესიკ) გაბაშვილის საამაყო წინაპრებისა და მათი შთამომავლობის ე.წ. სასახლე იწონებდა თავს!
გადმოცემის თანახმად , გაბაშვილების ეს შესანიშნავი შენობა, რომელიც მთელ ქალაქში გამოირჩეოდა, როგორც არქიტექტურით, ისე, მისი მობინადრეების საოცარი ნიჭიერებით, სიკეთით, ქველმოქმედებით, ლაღად გადმოჰყურებდა საყვარელ ქუთაისს, მშფოთვარე რიონს...
სამწუხაროდ, უცნაური და გამაოგნებელი გამომდგარა ამ სასახლის ბედისწერა, ის, შემთხვევით, მოსამსახურის ხელით გადამწვარა და თანაქალაქელების უდიდესი სინანული გამოუწვევია!
დამწვარი სასახლის ადგილზე, სულ მალე, გაბაშვილებს სამსართულიანი ხის შენობა აუშენებიათ, თითო სართულზე, სამ–სამი ოთახით-1890 წელს
ამ სახლში ცხოვრობდნენ ბესიკ გაბაშვილის ძმის (იოსები) შვილიშვილი ისიდორე იაგორეს ძე გაბაშვილი და მისი მეუღლე დარო ზალის ასული ყიფიანი. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის და.
ცოლ–ქმარს შესანიშნავი შვილები აღუზრდიათ და მოხუცებულობის ჟამს, შვილიშვილების აღზრდაც გადაუწყვეტიათ. ისინი, თურმე, დიდი
სიყვარულით და რუდუნებით, სამშობლოსა და ქართული ენის უღრმესი პატივისცემით, აგრეთვე საკაცობრიო იდეებით აყალიბებდნენ საქართველოს საიმედო საყრდენებს გურამ და მალი გაბაშვილებს, რომელთაგანაც ერთი ხელოვანი გახდა(გურამი, წლების მანძილზე, სამხატვრო აკადემიის საბჭოს თავჯმდომარეობდა.) მალი -კი (პუშკინის სახელობის თბილისის ინსტიტუტის კურსდამთავრებული), ქუთაისის საავტომობილო ტექნიკუმის ბიბლიოთეკის გამგე გახლდათ .
იმ დროს, როცა გურამ და მალი გაბაშვილები პატარები იყვნენ, ქალაქის ღირსშესანიშნავ უბანში („გორა“) საერთოდ არ არსებობდა საგანმანათლებლო დაწესებულება. ქველმოქმედ და სიკეთით სავსე ცოლ–ქმარს ისიდორეს და დაროს გადაუწყვეტიათ, თავიანთი სამსართულიანი სახლი უბნისთვის გადაეცათ, სკოლის გახსნის მიზნით.
ამ გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანას ვერ მოსწრებია ისიდორე გაბაშვილი, რომელიც გარდაცვლილა 1897 წელს. ამიტომ კეთილშობილური საქმე ბოლომდე მიუყვანია მის მეუღლეს დარო ყიფიანს. ზემოთ აღნიშნულ შენობაში დაწყებითი (შვიდწლიანი) სკოლა გახსნილა და პირველი ზარი დარეკილა 1910 წელს.
სკოლის პირველი დირექტორი გამხდარა უბნის მაცხოვრებელი დიმიტრი ვასილის ძე სვიშჩოვი, ეროვნებით რუსი, მაგრამ სანიმუშო მოქართულე.
1917 წელს, ამ სკოლასთან გაიხსნა ე.წ. მოსამზადებელი, ოთხი კლასი. მეცადინეობა მიმდინარეობდა კერძო მობინადრის მილორავას ოჯახში.
1920–დან 1921 წლამდე, სასწავლებელი ატარებდა მე–2 უბნის დაწყებითი სკოლის სახელწოდებას.
1921–დან 1928 წლამდე, სკოლის სახელია ,,შრომის მეოთხე, მთლიანი, სკოლა“.
1928–დან 1935 წლამდე, ერქვა ,,მე–11 არასრული საშუალო სკოლა“.
1938–1943 წლებში , აღნიშნული სასწავლებელი გადაკეთდა ,,ლადო კეცხოველის სახელობის მე–11 საშუალო სკოლად“.
1943–დან 1953 წლამდე, იყო ,,ქალთა მე–6 საშუალო სკოლა“.
1953 წლიდან გახდა ,,მე–20 საშუალო სკოლა“.
ამ ხნის განმავლობაში, უბანში საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა. რადგან პატარა შენობამ ვეღარ დააკმაყოფილა გაზრდილი მოთხოვნილებები, საჭირო შეიქნა ახალი სასკოლო შენობის აგება. გაითვალისწინა რა ეს მდგომარეობა ქუთაისის ხელმძღვანელობამ, 1963 წლის თებერვლის თვეში, დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა.
1963 წლის 1 სექტემბერს, განახლდა სასკოლო ცხოვრება, ახალ კეთილმოწყობილ შენობაში, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია, როგორც მოსწავლებსა და მასწავლებლებში, ასევე უბნის მაცხოვრებლებში.
მოსწავლეთა გაზრდილმა რაოდენობამ (რომელიც დღითიდღე იზრდებოდა), მოითხოვა შენობის მოცულობის გაზრდა. მაშინდელი განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი განათლების მესვეურთა გადაწყვეტილებით, სკოლას მიაშენეს ახალი კორპუსი, სადაც თავისუფლად დაეტეოდა მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობა. დანარჩენი ოთახები გამოყენებულ იქნებოდა კაბინეტებისა და ლაბორატორიებისათვის.